საზოგადოებამ ხმა აღიმაღლა... იქ, რა თქმა უნდა, იყო დასაგმობი ფაქტები - წულუკიანი 5 ივლისზე

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის აზრით, 5 ივლისს, როცა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წევრები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი, სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა, დაჭრეს პოლონელი ტურისტი - "საზოგადოებამ ხმა აღიმაღლა". 

წულუკიანის აზრით, ჟურნალისტების უმრავლესობას არ ესმის რა არის გამოხატვის თავისუფლება, ან არ წაუკითხვათ რა წერია ამის შესახებ თუნდაც ევროპულ კონვენციაში. მისი განცხადებით, გამოხატვის თავისუფლებას ვალდებულებებიც ახლავს.

"ვფიქრობ, რომ ამას კლასიკური ბრძოლის მეთოდები არ უშველის, თუმცა ის, რაც მოხდა სულ რამდენიმე დღის წინ, როდესაც საზოგადოებამ ხმა აღიმაღლა... იქ, რა თქმა უნდა, იყო დასაგმობი და აბსოლუტურად შეუწყნარებელი ფაქტები, როდესაც ჟურნალისტს ურტყამ, როდესაც შეურაცხყოფ და ა.შ. მაგრამ იყო ასევე უფრო მეტი და მასიურად, ჩვეულებრივი აღშფოთება, დაგმობა იმისა, რომ ჟურნალიზმი არ არის ეს, კრიტიკა ჟურნალისტებისადმი, რასაც უნდა შეეგუონ, სხვა გზა არ აქვთ, რადგან ჩვენც გვაქვს უფლება, გავაკრიტიკოთ სხვა. იმიტომ არ ვართ საზოგადოების წევრი, მასწავლებელი, პოლიტიკოსი, მინისტრი თუ სხვა, რომ ჩვენ თავში გვირტყას ვიღაცამ მიკროფონი, ამის უფლება არავის არ აქვს", - თქვა მინისტრმა. 

წულუკიანმა უცნობთან გადაცემაში "მთავარი არხისთვის" წართმეულ მიკროფონზეც ისაუბრა და თქვა, რომ დროებით მას თავად უვლის და ინახავს. წულუკიანის მტკიცებით, არაერთი ჟურნალისტი გვინახავს, რომლებიც სახლებში იჭრებიან, მათ შორის მოტყუებით და ამას მხოლოდ სიმართლე არ შველის, ამიტომ არ აპირებს "თავი დახაროს".

"მე მაგალითად გადავწყვიტე, რომ აღარ ვაპირებ, იმის გამო რომ მინისტრი ვარ და პოლიტიკაში ვარ, თავი დავხარო, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი და ვიცავდი აბსოლიტურად ყველა იმ წესს, რომელიც უნდა დავიცვა. მაგრამ თუ მეორე მხარე არ იცავს არავითარ წესს, გამოდის, რომ ეს არის პროცესი თამაშის წესების გარეშე და მაშინ ვითამაშოთ წესების გარე, რაც მე გავტესტე კიდეც და ვითამაშე წესის გარეშე, რაც არ მოეწონათ. მაშინ ყველამ უნდა დავიცვათ წესი", - თქვა წულუკიანმა. 

კულტურის მინისტრის აზრით, მთავარია ადამიანებმა საკუთარი ქცევა მოაწესრიგონ. წულუკიანი ამბობს, რომ თუ "მეორე მხარე" წითელ ხაზებს გადალახავს, აუცილებლად მიიღებს პასუხს, თუმცა ეს ვერ იქნება ძალადობრივი.

"თუ მეორე ადამიანი სისტემატურად ცდილობს დამჩაგროს, მოდაშია ახლა ეს სიტყვა დამაბულინგოს და გათვლა აქვს იმაზე, რომ მე თავჩაქინდრული ამას ვიტან, როგორც ძველად ჯარში ხდებოდა, დედოვშინას ვეძახდით, მე აღარ ვაპირებ ეს ავიტანო, არ მაქვს ვალდებულება, წითელი ხაზები გადალახულია, რომ ეს ავიტანო. მე ავიტანე ძალიან ბევრი", - თქვა მან. 

ცნობისთვის, 22 ივლისს სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და ამჯერად "მთავარი არხის" ჟურნალისტი მიკროფონის დასაბრუნებლად სვანეთში "დაიბარა". წინააღმდეგ შემთხვევაში წულუკიანმა თქვა, რომ მომავალ შეხვედრამდე ჟურნალისტმა უნდა დაიცადოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი