დღითი დღე თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება - ამ განცხადებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია თბილისში მცხოვრები 31 წლის ავსტრალიელი მასწავლებლის, შანაი ბრუკის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.
ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ დღესდღეობით დედაქალაქი მხოლოდ კრიმინალებისთვის არის უსაფრთხო, რასაც წერტილი უნდა დაესვას. მისივე თქმით, დროა, თბილისი მშვიდობიანი, კანონმორჩილი ადამიანებისთვის გახდეს უსაფრთხო.
"დღითი დღე თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება, ვიმეორებ - სიცოცხლისათვის. თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი მხოლოდ კრიმინალურ სამყაროსთან გარიგებაში მყოფ ხელისუფლების ლოზუნგად რჩება.
თბილისი საშიში ხდება თბილისელებისთვის, ჩამოსულებისთვის, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებიდან, სოფლებიდან ჩამოსულებისთვის, ისე უცხოელებისთვის, ტურისტებისთვის.
ფაქტია, თბილისი უსაფრთხოა კრიმინალებისთვის, რომლებიც ნამდვილად უსაფრთხოდ ხოცავენ ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს.
მათ უსაფრთხოებას წერტილი უნდა დაესვას. თბილისი მშვიდობიანი, კანონმორჩილი ადამიანებისთვის უნდა გახდეს უსაფრთხო!
კრიმინალებთან შეხმატკბილებული ქ. ოცნება ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს.
ასეც იქნება!", - წერია ნიკა მელიას განცხადებაში.
ცნობისთვის, ავსტრალიელ შანაე ბრუკსის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მას თავს დაესხნენ. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.