შენი მემკვიდრეობა, შენი დასაცავია - 5 აგვისტოს ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"შენი მემკვიდრეობა, შენი დასაცავია" - ამ სლოგანით პუშკინის სკვერში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, აქცია ხუთშაბათს, 5 აგვისტოს, 17:00 საათზე დაიწყება. 

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს მუზეუმთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში საზოგადოების ჩართულობა, ხელოვნების მუზეუმის შენობის რესტავრაციის პროექტი შეასრულონ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის სპეციალისტებმა და გასაჯაროვდეს სამუზეუმო ფონდების და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა. 

"არ აქვს მნიშვნელობა შენს პროფესიას, არ აქვს მნიშვნელობა შენს ასაკს, სქესს, აღმსარებლობას, სოციალურ სტატუსს, პოლიტიკურ სიმპატიას, ვინაიდან, შენი მემკვიდრეობა, შენი დასაცავია!

თქვენც მოდით აქციაზე, რომ ერთად ვუთხრათ მუზეუმს: დაგიცავ! აღგადგენ! გიპატრონებ!

ვუთხრათ ხელისუფლებას: არ დაგანგრევინებ! არ დაგითმობ! არ გაგანადგურებინებ!", - ამბობენ ორგანიზატორები.

ცნობისთვის, კიდევ ერთი აქცია სახელწოდებით -"ექვთიმეს გადარჩენილს თვითმარქვია ექვთიმე ანგრევს" 5 აგვისტოს, 12:00 საათზეა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ  4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. სამინისტრო ამბობს, რომ:

  • ლ. გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური;
  • ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება;
  • შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი;
  • შენობის ქვეშ მიმდინარეობს ფუძე-გრუნტების გაწყლოვანება ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისაგან და შენობას არც სართულშუა გადახურვის და არც სახურავის დონეებზე არ გააჩნია ანტისეისმური სარტყლები, რის გამოც ის არ აკმაყოფილებს სეისმურობის ელემენტარულ სტანდარტებს.

სამინისტროს სურს, რომ მუზეუმის ძირითადი შენობა დაიცალოს. მუზეუმში ჩვენი ქვეყნის სამუზეუმო ფასეულობათა 80 პროცენტზე მეტია თავმოყრილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი