გლდანის ციხეში, რომელიც წამების სიმბოლო იყო, პატიმრებს ჟოლო მოჰყავთ - იუსტიციის მინისტრი

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, ციხეს დღეს ადმინისტრაცია მართავს და არა კრიმინალური სუბკულტურა. მინისტრი ამბობს, რომ გლდანის ციხეში, რომელიც წამების სიმბოლო იყო, დღეს პატიმრებს ჟოლო მოჰყავთ.

"რაც შეეხება ციხეებში არსებული 2012 წლამდე მდგომარეობას, ეს იხილა მთელმა მსოფლიომ. გლდანის ციხე, რომელიც იყო წამების სიმბოლო და არაადამიანური მოპყრობის, დღეს გლდანის ციხეში პატიმრები არიან დასაქმებულები, იღებენ შემოსავალს და მაგალითისათვის მოჰყავთ ჟოლო. 

ციხეს მართავს ციხის ადმინისტრაცია", - თქვა რატი ბრეგაძემ. 

მინისტრი არც სახალხო დამცველის კრიტიკულ ანგარიშს ეთანხმება და ამბობს, რომ კრიმინალური სუბკულტურა ფართო ცნებაა და ეს ტერმინი დასაზუსტებელია.

ციხეებში "სამაგალითო" ვითარებაზე დღეს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა და თქვა, რომ ამ მხრივ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპაშიც ერთ-ერთი მოწინავეები ვართ.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ციხეებში შექმნილია იერარქიული სისტემა, რომლის სათავეშიც მყოფ პატიმრებს პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერა აქვთ. ისინი სხვა პატიმრებს აშინებენ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საკუთარ პრობლემებზე არ ისაუბრონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი