პარტია "ლელო- საქართველოსთვის" წევრი გრიგოლ გეგელია პრეზიდენტის განცხადებას, რომ ის შარლ მიშელის დოკუმენტს ამოწურულად არ თვლის და "ქართული ოცნების" ამ განცხადებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს "არნახულ გზავნილს"უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ ზურაბიშვილი ამ ტენდენციას შეინარჩუნებს.
გეგელია, ასევე 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასა და საერთაშორისო პარტნიორების მოსალოდნელ პასუხზე საუბრობს და ამბობს, რომ "ოცნებას" ამ გადაწყვეტილებით საქართველო მხოლოდ სანქციების გზაზე მიჰყავს.
"ეს არის არნახული გზავნილი საქართველოს პრეზიდენტისგან, რომელიც აქამდე არც ერთხელ არ დაგვინახავს კრიტიკულ გამოსვლაში და მე ვფიქრობ, რომ ეს თუ ტენდენციის სახეს მიიღებს და საქართველოს პრეზიდენტი დაიწყებს პრეზიდენტობას, ეს იქნება ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის.
დასავლეთის ნება არის ნათლად ცნობილი, აშკარაა, რომ "ქართული ოცნება" საქართველოს წაიყვანს სანქციების გზაზე, იმ შემთხვევაში თუ არ დაუბრუნდება მიშელის ხელშეკრულებას და იმ შემთხვევაში თუ არაფერს დემოკრატიულს არ გააკეთებს.",- ამბობს გრიგოლ გეგელია.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა - "ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ანულირებაზე."
საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი უნდა შესრულდეს, შეთანხმებამ დიდი როლი ითამაშა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში და არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, რომ დოკუმენტმა პოლარიზაცია ვერ შეამცირა.