"განა ვინმე დაიჯერებს, რომ ტარიელ ხარხელაური, რომელმაც შვილის მკვლელის შეძულებაც ვერ შეძლო, ასეთ წერილზე ხელს მოაწერდა?!" - მწერალთა ეროვნული აკადემიის სახელით თეა წულუკიანისადმი გავრცელებულ მიმართვას პოეტი ტარიელ ხარხელაურიც გაემიჯნა.
მისი თქმით, ზიზღისა და სიძულვილის ენა წარსულშიც მიუღებელი იყო და მომავალშიც მიუღებელი იქნება.
"ძალიან ვწუხვარ… დიდი გულისტკივილით, მაგრამ მაინც საყვედურის თქმა მომიწევს ჩემი მეგობრებისთვის, ჩემთვის მეტად ღირებულ და უაღრესად პატივსაცემი ადამიანებისთვის, რომელთა ხელმოწერებთან ერთად ჩემი ხელმოწერაც გაჩნდა ,,საერთო გაზეთში,, გამოქვეყნებულ წერილზე…
მაგრამ განა ვინმე დაიჯერებს, რომ ტარიელ ხარხელაური, რომელმაც შვილის მკვლელის შეძულებაც ვერ შეძლო, ასეთ წერილზე ხელს მოაწერდა?!
არა, ბატონებო!- ცდებით... ასე არ მიცხოვრია, ეს არაა ჩემი ცხოვრების წესი. ჩემთვის ზიზღისა და სიძულვილის ენა მიუღებელი იყო წარსულში, მიუღებელია ახლა, მიუღებელი იქნება მომავალში, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია,რომ მწერლის მოვალეობაა იყოს შუამავალი უფალსა და საზოგადოებას შორის, და ამ სიყვარულით ნაკლულ წუთისოფელში, ერთმანეთთან თანაცხოვრების აუცილებლობაზე სიყვარულის ენით ისაუბროს. ამ წერილში კი, ჩემდა გასკვირად, ამას ვერ ვხედავ, ღვარძლიანი ენა, როგორადაც არ უნდა სამართლიანად მოგვეჩვენოს, ვერ იქნება და არც გამოდგება საზოგადოების შემკვრელად და გამაერთიანებლად...
აი, კიდევ ერთი და ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ მოაწერდა ტარიელ ხარხელაური ხელს ამ წერილს", - ტარიელ ხარხელაური
მისი თქმით, 2013 წელს სწორედ გაუცხოვებამ და ერთმანეთის მიუღებლობამ დაატოვებინა მწერალთა კავშირი.
წულუკიანისადმი მიმართვას ამ დროისთვის გაემიჯნენ - ლერი ალიმონაკი, ჯუბა ღებელი, ვანო ჩხიკვაძე და ელდინო საღარაძე.
ამავე თემაზე: