"ნაციონალური მოძრაობა" საბანკო სესხების ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის გადავადებას ითხოვს. როგორც პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება თვითდასაქმებულებს ზურგს კიდევ ერთხელ აქცევს.
მისი განცხადებით, ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც საბანკო კრედიტებზე შეღავათების დაწესებას მხლოდ ორი კატეგორიის ადმიანებისთვის გულისხმობს, სრულიად გაუგებარი და უსამართლოა.
დღეს გამოჩნდა პრემიერი გახარია და სრულიად გაუგებრად ისაუბრა. ეს მისი სტილია, მისი ტაქტიკაა, რომ რაღაცას დაპირდეს ხალხს და მერე კვირები გავიდეს იმის დადგენაში, თუ რა თქვა. გახარიამ აღნიშნა, რომ საბანკო კრედიტების გადავადება 3 თვით გახანგრძლივდება მხოლოდ ორი კატეგორიის პირისთვის - ვისაც თითქოს უკვე ეხმარებიან და ვინც სამსახური დაკარგა. ესაა ტყუილი! როცა პრემიერი ამბობს, ვისაც უკვე ვეხმარებითო. არცერთ ადამიანს ამ ქვეყანაში დახმარება არ მიუღია. ხოლო, როცა ამბობს, ვინც სამსახური დაკარგაო, ეს ნიშნავს რომ ჩვენ 600 ათას თვითდასაქმებულ მოქალაქეს, მთავრობამ კვლავაც ზურგი აქცია. ან რას ეუბნებით ადამიანებს, რომლებთაც არასდროს უმუშავიათ, მაგრამ ახლობლების, ოჯახის წევრების მიერ საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხებით ცხოვრობდნენ?!, - ამბობს მელია.
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდებს, კრედიტების გადახდაზე მორატორიუმი სექტემბრამდე დაუწესდეს ყველა (მსურველს) ფიზიკურ და იურიდიულ პირს. მათ შორის იმ მოქალაქეებსაც, რომლებაც ვალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აიღეს.