რუსეთი საბოლოოდ უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება. ეს მოგვცემს საშუალებას, გადავიდეთ ურთიერთობების სხვა ეტაპზე, რასაც ჰქვია დიალოგის დაწყება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა TV იმედთან ისაუბრა.
„დღეს 7 აგვისტოა, 13 წელი გავიდა ომის დაწყებიდან. მინდა ვისარგებლო ამ გადაცემით და გავუზიარო მთელ საზოგადოებას ამ ქვეყნის დიდი ტკივილი, რასაც ჰქვია 13 წლის წინ დაწყებული ომი და ის ფაქტი, რომ დღესაც ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებული რჩება. ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი და მინდა ასევე განსაკუთრებულად მივუსამძიმრო დაღუპულ გმირთა ოჯახებს. ეს დღე ასევე იმედის დღეა, ვინაიდან ჩვენ არ შევეგუეთ და არ შევეგუებით ამ ფაქტს“, - ამბობს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასაც და აღნიშნა, რომ მასში ახალს ვერაფერს ხედავს.
„ეს მათი მუდმივი პოზიციაა, რომ თურმე ჩვენზეა დამოკიდებული ამ პრობლემის მოგვარება. რეალურად კი მათი მხრიდან უნდა იყოს ნება, უნდა ვხედავდეთ, რომ რაღაცები იცვლება და დეესკალაციისკენ მიდის საქმე, რათა შესაძლებელი იყოს დიალოგი. დღეს ამაზე არაფერი მიანიშნებს. მე მინდა ვახსენო არა რუსეთის განცხადება, არამედ იმ ქვეყნების გამოხმაურებები, რომლებმაც ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭომ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ, აშშ-ის საელჩომ საქართველოში, ევროპარლამენტარებმა. ძალიან ბევრი გამოხმაურება აქვს ოკუპაციას და ყველა მხრიდან საქართველოს ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ალბათ ესაა ის, რაც გვაიმედებს, რომ ომიდან 13 წლის შემდეგაც არავინ შეჰგუებია ამ ფაქტს. ეს ყველასთვის აქტუალური საკითხია და ყველას მიდგომაა, რომ რუსეთი საბოლოოდ უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება. ეს მოგვცემს საშუალებას, გადავიდეთ ურთიერთობების სხვა ეტაპზე, რასაც ჰქვია დიალოგის დაწყება“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი - (2014 წელს, 7 აგვისტო) - "6 წელი გავიდა ..... იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალზე - ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე - ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა .... გამოიწვია მოსალოდნელი (და წინასწარ გამოცხადებული) რუსეთის სამხედრო რეაქცია .... მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებას და "გეგმიურ" ტერიტორიების დაკარგვას... ჯერ კიდევ ამ დანაშაულისთვის გასამართლებული არაა ... და სანამ არ იქნება, საქართველო სააკაშვილის (და არა ქვეყნის) დანაშაულისგან ვერ განთავისუფლდება და რუსეთს ვერ მოსთხოვს პასუხს ჩადენილ ძალადობაზე და ოკუპაციაზე!"
სალომე ზურაბიშვილი (2018 წლის 6 აგვისტო) - "მე ყოველვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარ ვითარების. ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რასაც ასევე ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ და ომის ტრაგედია არის ჩვენი ტრაგედია.... როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენ მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო".
სალომე ზურაბიშვილი (2020 წლის 7 აგვისტო) - "ვერც ომმა, ვერც ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციამ და ვერც ჩვენი მოქალაქეების უფლებებისა და იდენტობის შელახვამ გავლენა ვერ მოახდინა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე. რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, ომმა ვერ შეუცვალა გეზი საქართველოს, ვერ ააცდინა საკუთარ მიზანს, გამხდარიყო ღირსეული, ძლიერი, სტაბილური, დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. არ შეჩერდა წინსვლა ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ".