პროკურატურამ “სირცხვილიას” აქტივისტებს დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა - საუბარია 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე, რა დროსაც ჰომოფობიური და მოძალადე დაჯგუფების წევრებმა ორგანიზაციის ოფისზე იერიში მიიტანეს
5 ივლისს, “სირცხვილიას” ოფისზე თავდასხმის მომენტში მარიამ დოლიძე, ზუკა ბერძენიშვილი, სალომე ბარკერი და გიგა მაქარაშვილი ოფისში იყვნენ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფის წევრები მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, კარის შემტვრევასა და ოფისში შეღწევას ცდილობდნენ.
პროკურორმა უარი შემდეგნაირად დაასაბუთა: “საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად არ დასტურდება, რომ უშუალოდ აღნიშნული პირები [სირცხვილიას წევრები] წარმოადგენდნენ დანაშაულებრივი ქმედებების ადრესატებს” - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "სირცხვილია" ავრცელებს.
მოძრაობის ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურატურა არ ინტერესდება მათი პოზიციით. როგორც "სირცხვილია" აცხადებს, 5 ივლისს, ოფისზე თავდასხმის შემდეგ, გამოძიებამ აქტივისტები მარიამ დოლიძე, ზუკა ბერძენიშვილი, სალომე ბარკერი და გიგა მაქარაშვილი მხოლოდ მას შემდეგ გამოკითხა, რაც თავად მოითხოვეს ეს წერილობით.