"პრობლემები აურაცხელია" - წულუკიანი გელათზე, იუნესკოს დასკვნაზე

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ იუნესკოს ექსპერტიზის დასკვნით, გელათის სამონასტრო კომპლექსში, როგორც ის ვარაუდობდა, პრობლემები "აურაცხელია".

მისი თქმით, ხვალ, 12 აგვისტოს, დარგის სპეციალისტები შეიკრიბებიან, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას განიხილავენ.

"გელათის სამონასტრო კომპლექსზე ჩვენ ჩავატარეთ იუნესკოს ექსპერტიზა, როგორც კედლის ფერწერაზე, ასევე სახურავზე და როგორც მე ვვარაუდობდი, პრობლემები არის აურაცხელი, კომპლექსური. ეს ორი დასკვნა ხვალ ე.წ გელათის სამონასტრო კომპლექსის საბჭოზე უნდა გავიტანოთ, სადაც დარგის სპეციალისტები, რესტავრატორები, ასევე არქიტექტორ რესტავრატორები კულტურის სამინისტროში შეიკრიბებიან.

ეს იქნება პირველადი განხილვა იუნესკოს ორი დასკვნისა, რომელიც ხვალ გასაჯაროვდება და ჩვენ როგორც დავპირდით საზოგადოებას გავაგრძელებთ გელათის გადარჩენის პროცესს, რომელიც სამინისტროს გამოყოფის შემდეგ აქტიურად წარიმართა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნები მოგვცემს საშუალებას, რომ შედგეს ხარვეზების გამოსწორების პროექტები, კომპეტენტური ადამიანების მიერ და არა არაკომპეტენტური, შემთხვევითი პირების მიერ",- თქვა წულუკიანმა.

წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსს დაზიანებები 2008-2020 წლებში მიადგა, მან წლების განმავლობაში სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე რესტავრაციებს "ექსპერიმენტი" უწოდა და თქვა, რომ კულტურის სამინისტრომ "უპასუხისმგებლო პროცესები კომპეტენტური ადამიანების ხელში მოაქცია".

"შევქმენით ოსტატების რეესტრი და მალე ვიქნებით მზად იმისთვის, რომ არც ერთ სხვა ძეგლს არ შეეხოს ის ადამიანი, ვინც საქმე არ იცის. დასანანია, რომ უპასუხისმგებლო პირების ხელში იყო მთელი პროცესი, მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენ ეს უპასუხისმგებლო პროცესები მოვაქციეთ კომპეტენტური ადამიანების ხელში", თქვა მან.

ცნობისთვის, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის დასკვნაში საუბარი გელათის სამონასტრო კომპლექსსაც შეეხო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონსერვაციული ღონისძიებები წარუმატებელი აღმოჩნდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი