შიდა ქართლში სამსახურიდან კიდევ ერთი პოლიციელი გაათავისუფლეს. ინსპექტორი გიორგი ნასყიდაშვილი პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელი იყო. როგორც თავად ნასყიდაშვილი ყვება, მას Facebook-ზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი ჰქონდა გაზიარებული.
საუბარია აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოებაზე. ანანიაშვილი ამჟამად გახარიას გუნდის წევრია.
ნასყიდაშვილის თქმით, სწორედ ამის შემდეგ, ის ჯერ თანამდებობიდან ჩამოაქვეითეს, მოგვიანებით კი პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელმა, ილია კვაღინაძემ უთხრა, რომ დაეწერა სამსახურიდან წასვლის განცხადება, მიზეზად კი დაესახელებინა ოჯახური მდგომარეობა.
"ერთი კონსტანტინე ანანიაშვილის სურათი მაქვს გაზიარებული, რომელსაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯილდო გადასცა. მითხრეს, რომ უნდა წახვიდე, იმიტომ რომ გახარიას გუნდის წევრი ხარ. ამ დროს აპოლიტიკური ვარ საერთოდ",- თქვა გიორგი ნასყიდაშვილმა "მთავართან" საუბარში.
გუშინ, 11 აგვისტოს, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, თამაზ ჯოხაძემ Facebook-ზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ხელმძღვანელობამ მას სამსახურიდან წასვლა მიზეზების გარეშე მოსთხოვა. "მთავარის" ინფორმაციით, კი გასათავისუფლებელ პოლიციელთა სიას სუს-ი ადგენს.