"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდის დაანონსებას აფასებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი დაპირებები შესაძლოა არჩევნებზე ზეგავლენის მცდელობად აღიქმებოდეს.
"IDFI მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრის მხრიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირებები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც საარჩევნო პროცესზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დაპირება მერების ხელფასების გაორმაგებასთან დაკავშირებით, იმ პირობებში როდესაც კანონმდებლობა არ უზღუდავს მათ დამოუკიდებლად მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება, ცალსახად მიანიშნებს თვითმმართველობებში დეცენტრალიზაციის არსებულ პრობლემებზე", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
IDF მუნიციპალიტეტებში მერების ხელფასებსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტებში მერის ანაზღაურება 2,600 ლარიდან 4,500 ლარამდე (ხელზე მისაღები 2080 ლარიდან - 3600 ლარამდე) მერყეობს. შესაბამისად, არცერთი მუნიციპალიტეტის მერის მიერ არ არის გამოყენებული კანონმდებლობით დაშვებული შესაძლებლობა მათი ანაზღაურების 6 ათასი ლარით განსაზღვრის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ზრდის აუცილებლობაზე და თქვა, რომ წარმოუდგენელია მერმა 2 000 ლარად იმუშაოს. ის საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს ხელფასების ზრდას 2022 წლიდან დაჰპირდა.