უკანონო მოსმენა და მიყურადება| სამოქალაქო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართავენ

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გიორგი ონიანი, გიორგი მშვენიერაძე და გურამ იმნაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს განცხადებით მიმართავენ და მათ მიმართ უკანონო მოსმენის/მიყურადების შესაძლო ფაქტზე რეაგირებას ითხოვენ. 

მათი თქმით, ინსპექტორისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველი  პირველ აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაცემა "მთავარ აქცენტებში" გაჟღერებული ინფორმაცია გახდა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავარაუდოდ უკანონო საქმიანობას, მათ შორის ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს შეეხებოდა. 

"მასალაში ნახსენები იყო გიორგი ონიანს, გურამ იმნაძის და გიორგი მშვენიერაძეს შორის 2020 წლის ივნისში შემდგარი სატელეფონო კომუნიკაცია, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორის, თამთა მიქელაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას შეეხებოდა.

განმცხადებლები ადასტურებენ რა აღნიშნული კომუნიკაციისა და საუბრის შინაარსის ნამდვილობას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაცემაში განხილული ოპერატიული კრებსები მართლაც სუს-ის მიერ არის შექმნილი და დამუშავებული. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტიდან გასულია 1 წელზე მეტი და არც ერთი განმცხადებელი ინფორმირებული არ ყოფილა შესაბამისი სამსახურებიდან, რომ მათ მიმართ ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი უწყება, რომელიც ზრუნავს მოქალაქეების პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების დაცვაზე. ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში რამდენიმე კვირის წინ გაჟღერებული ინფორმაცია ცალსახად მიუთითებს ადამიანთა ფართო წრის მიმართ განხორციელებულ შესაძლო უკანონო თვალთვალსა და მიყურადებაზე, მათი პირად ცხოვრებაში შესაძლო უკანონო ჩარევის ფაქტებზე. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ინსპექტორის სამსახურის მხრიდან აღნიშნული საკითხების სრულყოფილი შესწავლა და შესაძლო კანონდარღვევებზე ეფექტიანი რეაგირება.",- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა  უკანონო მიყურადების საქმის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურას უკვე მიმართეს. 

გიორგი მშვენიერაძემ, გიორგი ონიანმა და გურამ იმნაძემ დაადასტურეს, რომ კრებსების ნაწილი, რომელიც ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა,  მათ საუბარს შეეხებოდა, ნამდვილია და უკანონო მოსმენებსა და ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების მყისიერად დაწყებას ითხოვენ. 

ისინი ამბობენ, რომ ლილუაშვილის უწყება მათ უკანონოდ უსმენს და გადაადგილებასაც აკონტროლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი