"როგორც არასდროს მჯერა, 2 ოქტომბერს მოვიგებთ!",- ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, თბილისი მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციონერი კანდიდატების წარდგენისას.
„წარმატებები თითოეულ მაჟორიტარობის კანდიდატს, მათთან ერთად ვიქნები და როგორც არასდროს მჯერა, რომ 2 ოქტომბერს მოვიგებთ, როგორც არასდროს მჯერა. ხალხო ეს არის რეფერენდუმი - კი თუ არა" - ამბობს მელია.
მისივე თქმით, თუ რეფერენდუმად ქცეულ თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველი ოლიგარქ ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანდება, ბევრ ოლქში პირველივე ტურში დაამარცხებენ.
"თუკი ჩვენ დავუპირისპირდებით ერთმანეთს და ვიღაცას სიმაღლე, ვიღაცას მეტყველება, ვიღაცას პარტიული შეხედულება არ მოეწონება, ეს არის ყველაზე მძიმე შეცდომა, რომელსაც ჩვენ ოდესმე დავუშვებთ. "გირჩის" ამომრჩეველი, "ევროპული საქართველოს" ამომრჩეველი, "დროას" ამომრჩეველი, მაგალითად, ბატონი ჭიჭინაძის, ბურჯანაძის, "ლეიბორისტული პარტიის" და სხვების, ვინც ამ ფორმატში აქ არ დგანან... მათი ამომრჩეველი რომ მოვა და ხმას მე მომცემს, მაგალითად, ერთმანეთზე შესაძლებელია უმაღლესი წარმოდგენის არ ვიყო, მაგრამ როდესაც სახელმწიფოებრივი საფუძველი ხელისგულზე უდევს ოლიგარქს და შთანთქავს, მე ვფიქრობ, ეს განსხვავებები გვერდზე უნდა გადავდოთ",- თქვა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, ოპოზიციის ნაწილმა დღეს თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები დაასახელა.