სამმაგი მკვლელობა წინანდალში | "მთავარის" ინფორმაციით, მომხდარს 15-მდე ფიგურანტი ჰყავს

გამოქვეყნდა:

3 მოკლული, 2 დაჭრილი და 2 დაკავებული - ასე დასრულდა მშენებლობასთან დაკავშირებით დაწყებული დაპირისპირება. "მთავარისთვის" ცნობილი ხდება, რომ კრიმინალური გარჩევის მიზნით, ძმებმა ზვიადაურებმა მეგობრებთან ერთად მათთან დაპირისპირებულ ნიკა კენჭოშვილს წინანდლის ტყეში მიაკითხეს, სადაც კენჭოშვილი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდა. მხარეებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა, მალევე, კონფლიქტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"მთავარს" წყარო უყვება, რომ ცეცხლი პირველმა ზურაბ ზვიადაურის თანმხლებმა, ტარიელ ცოცხალაშვილმა, მეგობრის კუთვნილი იარაღიდან გახსნა. საპასუხოდ მისი და ზვიადაურების მიმართულებით ნიკა კენჭოშვილმა გაისროლა.

კენჭოშვილმა 2 ადამიანი სასიკვდილოდ, 2 კი მსუბუქად დაჭრა.

მას შემდეგ რაც მისი ნასროლი ტყვია ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმას მოხვდა, მას ჩემპიონმაც ესროლა და ნიკა კენჭოშვილი სასიკვდილოდ დაჭრა. დაშავებულები ზურაბ ზვიადაურმა ავტომობილში თავადვე ჩასვა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანა.

ზვიადაურმა ძმასთან და მეგობართან ერთად საავადმყოფოში მათთან დაპირისპირებული კენჭოშვილიც მიიყვანა, თუმცა სამივე უკვე გარდაცვლილი იყო.

ოლიმპიური ჩემპიონი და "ქართული ოცნების" დეპუტატი პოლიციას თავადვე ჩაბარდა.

დაპირისპირება მხარეების შორის ბიზნესწილების გამო დაიწყო. ძმები ზვიადაურების ბავშვობის მეგობარი ტარიელ ცოცხალაშვილი სამშენებლო კომპანიას ფლობდა. მას კი დავა მშენებლობაზე დასაქმებულ ნიკა კენჭოშვილთან ჰქონდა, თვეების განმავლობაში კონფლიქტი ვერ მოგვარდა, ამიტომ დაპირისპირებაში ძმები ზვიადაურებიც ჩაერთნენ.

მოკლულების ცხედრები საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს. ოჯახის წევრები ტელეკამერებთან საუბარს ერიდებიან. ჭიათურაში ჩაასვენეს ზვიადაურებთან დაპირისპირებული ნიკა კენჭოშვილის ცხედარიც, მისი ნათესავები მომხდარის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ. ყვებიან, რომ კენჭოშვილი მშენებლობაზე დაასაქმეს, თუმცა ანაზღაურებას არ აძლევდნენ და დავაც ცოცხალაშვილთან ფინანსების გამო დაიწყო.

დაპირისპირების დროს დაჭრილი 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფო უკვე დატოვა ანზორ შამრელაშვილმა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება ზვიად მაისურაძე. ორივე ზვიადაურების და ცოცხალაშვილის მეგობრები არიან.

კრიმინალური გარჩევის საქმეზე ორი პირი უკვე დაკავებულია. ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურია, რომელსაც ძმის მკვლელის განზრახ მკვლელობას ედავებიან. მეორე დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილია, სწორედ მისი კუთვნილი იარაღიდან გაისროლა ტარიელ ცოცხალაშვილმა ნიკა კენჭოშვილის მისამართით. ჯაბა ჯანგირაშვილს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. ორივე დუმილის უფლებით სარგებლობს.

კრიმინალურ გარჩევას მთავარის ინფორმაციით 15-მდე ფიგურანტი ჰყავს. თუმცა მედიისთვის მხოლოდ 6 მათგანის ვინაობაა ცნობილი. ჯერჯერობით გაურკვეველია ვისთან ერთად იმყოფებოდა ნიკა კენჭოშვილი დაპირისპირების დროს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი