კახეთში, სოფელ წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ დანაშაულის ორი იარაღი უკვე ამოიღო. "მთავარის" ინფორმაციით, დანაშაულის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. სამართალდამცველები სავარაუდოდ, მესამე იარაღს ეძებენ, რომლითაც ნიკა კენჭოშვილმა ძმებ ზვიადაურების მიმართულებით გაისროლა.
რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, მას ოფიციალურად ბრალი უკვე წარედგინა, გამოძიება ზვიადაურს განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლო მეორე დაკავებულს - ჯაბა ჯანგირაშვილს, იარაღის დაუდევრად შენახვა.
თავად ზვიადაური ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი კი ადასტურებს, რომ კონფლიქტში 15-მდე ადამიანი მონაწილეობდა და ზვიადაურს, რომ არ გაესროლა მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა.
"ზურაბ ზვიადაურს ისე რომ არ ემოქმედა, როგორც იმოქმედა, იმ შემთხვევაშ ორი გარდაცვლილი კი არ გვეყოლებოდა 15-20 გარდაცვლილი. იქ ბევრი ადამიანი იყო, ორივე მხარის ადამიანი" ,- თქვა ადვოკატმა.
მომხდარის "ოქროს მოწმეები" არიან, ანზორ შამრელაშვილი და ზვიად მაისურაძე. სამართალდამცველებმა შამრელაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩაატარეს, მისი მეზობლების თქმით, მომხდარის შემდეგ შამრელაშვილი, რომელიც საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს, არ უნახავთ.
ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ კონფლიქტში მონაწილეობდა უცნობი პირი - ლევანი, თუმცა ვინ არის ის, ჯერჯერობით უცნობია.
მკვლელობა წინანდლის ტყეში 16 აგვისტოს მოხდა - მოკლულია სამი ადამიანი, დაჭრილია ორი. გარდაცვლილთა შორის არის, ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმაც. მომხდარზე პოლიციამ 2 პირი დააკავა.