
ანგარიშსწორებას ჩხოროწყუში 25 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. მკვლელობამდე თანასოფლელებს შორის პირველი ინციდენტი დღის პირველ ნახევარში მაშინ მოხდა, როდესაც გარდაცვლილი საკუთარ ეზოში მუშაობდა და მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა ნასროლი ტყვია ამირან მორგოშიას არ მოხვედრია.
საქმის გარჩევა კი უკვე დღის მეორე ნახევარში გაგრძელდა, როდესაც გარდაცვლილი ძმებთან ერთად თავდამსხმელთან საქმის გასარჩევად მივიდა. ადგილზე მისულს კი მკვლელობის ადგილზე 15- მდე პირი დახვდა.
ქუჩური გარჩევა მხარეებს შორის ხანძაკის დასახლებაში, გუშინ ღამით მოხდა. როგორც გარდაცვლილის თანასოფლელები ყვებიან, ამირან მორგოშიას მძიმე დაზიანებები ცივი იარაღით, მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. ის ადგილობრივ საავადმყოფოში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო, ძმას კი დაზიანება გულის არეში ჰქონდა მიყენებული.
რისი დადგენა მოახერხეს სამართალდამცველებმა კრიმინალური შემთხვევიდან თითქმის 24 საათის შემდეგ, უცნობია.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა და ის პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ამირან მორგოშიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ის სახლში გადაასვენეს.