სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, ვახო სანაიას თავდასხმის საქმე ომბუდსმენის განსაკუთრებული ყურადღების საგანია. ლომჯარიამ ქვეყანაში არსებული მედიაგარემო შეაფასა და თქვა, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა ბოლო პერიოდში გახშირდა, ასეთი ქმედებები კი დაუსჯელი რჩება.
ლომჯარია ასევე 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობას გამოეხმაურა და თქვა, რომ საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, ძალადობის ორგანიზტორები ამ დრომდე დაუსჯელები არიან.
"მსგავსი შემთხვევები და ეს შემთხვევაც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად აქვს ადგილი ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ თუ სიტყვიერ ანგარიშგებას და შეურაცხყოფას და ხშირ შემთხვევაში ასეთი ქმედებები ან დაუსჯელი რჩება, ან გამოძიება იწელება დროში.
ასევე ვთვლი, რომ 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ორგანიზატორები დღესდღეობით არიან დაუსჯელები, მათ მიმართ სისხლის სამართლის დევნაც კი არ არის წარდგენილი, თუმცა მიმაჩნია, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომ კონკრეტული პირების მიმართ იყოს ბრალი წარდგენილი. ქვეყანაში არის ტენდენცია, როდესაც ვხედავთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიება არ ხდება",-თქვა ლომჯარიამ.
ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვან, ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობიდან დღესვე გათავისუფლდებიან. საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება დღეს, 25 აგვისტოს გამოაცხადა.