საშიში ხელშეკრულება ლუკაშენკოს რეჟიმთან და სვეტლანა ტიხანოვსკაიას პასუხი საქართველოს პრემიერს - ოპოზიციის ლიდერის ბელარუსიდან დევნილი თანაშემწე, "მთავარ არხთან", ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას ლუკაშენკოს რეჟიმის ნაცვლად, იმ ლიდერთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს.
როგორც ფრანაკ ვიაჩორკა ამბობს, "ლუკაშენკოს რეჟიმთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, დემოკრატიული ღირებულებების შელახვად ჩაითვლება. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს მთავრობასთან ვითანამშრომლოთ". ვიაჩორკა, საქართველოს მთავრობას სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
"ქვეყანა, რომელიც საკუთარ სახელმიწფოებრიობას პატივს სცემს, მსგავს ქვეყანასთან არ ითანამშრომლებს", - ამბობს ვიაჩორკა.
საქართველოს პრემიერს განცხადებას პასუხობენ ასევე ბელარუსიდან ლუკაშენკოს რეჟიმს გამოქცეული ადამიანები, რომლებიც თავს საქართველოს აფარებენ.
"ეს შეთანხმება ჯერ კიდევ 2016 წელს იქნა გაფორმებული, თუმცა, საეჭვოა, რომ ეს თემა მაშინ გახდა აქტუალური, როდესაც ბელარუსიდან ლუკაშენკოს რეჟიმს ათასობით გამოექცა. არ ვიცი რას უნდა ველოდოთ და რა ვიფიქროთ. საქართველოს მთავრობისგან ველოდებით ახსნას თუ რატომ მოხდა ამ შეთანხმების ამოქმედება მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ლუკაშენკოს რეჟიმთან ყველანაირ თანამშრომლობას წყვეტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველ პოლიტიკოსებში ამ საკითხთან დაკავშირებით კონსესუსი არსებობდეს. არ გვინდა, რომ არჩევნების წინ გამოგვიყენონ დღეს შეგვპირდნენ და ხვალ ყველაფერი შეიცვალოს. პოლიტიკურად დევნილი ადამიანების ექსტრადირება არ შეიძლება", - ამბობს ერთ-ერთი ბელარუსი.
მწვავე შეფასებები კი დღეს ირაკლი ღარიბაშვილის მეირ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ბელარუსის "კბგ"-სთან გაფორმებული შეთანხმების შესახებ პირველად ისაუბრა და ყველას, ვინც დოკუმენტს აკრიტიკებს, ქვეყნის მტრები და მოღალატეები უწოდა.