"ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

​"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირის წარმომადგენლების ოფისში პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და სხვა წევრები იმყოფებიან.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ამ წუთებში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, რომელიც საქართველოში არ იმყოფებოდა დაბრუნდა პარტიის წევრებს ხვდება.

დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება ნიკა მელიამ გუშინ, 1-ლ სექტემბერს გამოაცხადა. მელიამ განმარტა, რომ მიზეზი "ქართული ოცნების" მხრიდან ევროკავშირის ფულად დახმარებაზე უარის თქმაა. 

პარტიის თავმჯდომარის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება დასავლური გზიდან გადახვევის ნათელი და მტკიცე მტკიცებულებაა. მელიამ აღნიშნა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი პარტიისთვის მიუღებელია, თუმცა სახელმწიფოებრივი რისკების გამო, მზად არიან 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტს ოპოზციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" ხელი 19 აპრილს მოაწერეს. დოკუმენტს წინ უძღოდა ოპოზციის საპარლამენტო ბოიკოტი და 6-თვიანი მოლაპარაკებები, რომელსაც მედიაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უწევდა. ხელმომწერ პარტიებს შორის არ ყოფილან, "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია".

მიშელის შეთანხმება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას, საარჩევნო და სასამართლო რეფორმას შეეხებოდა. ამასთან დოკუმენტში საუბარი იყო ვადამდელ არჩევნებზე. იმ შემთხვევაში თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩანიშნულიყო.

28 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დოკუმენტმა თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

ამ ფონზე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი საქართველოს €75-მილიონიან დახმარებას არ გადაურიცხავს. პრემიერმინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის თანხა არა დახმარება, არამედ ვალია და მასზე უარს თავად მთავრობა ამბობს. ღარიბაშვილის კომენტარებს ევროკავშირი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ეწერა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა. კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი