პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ტყიბულში მეშახტეებს შეხვდა და მათ ერთ-ერთ მთავარ საკითხად რეგიონში ტურიზმის განვითარება დაასახელეს. ამ თემაზე ღარიბაშვილმა მერობის კანდიდატის წარდგენის დროს ისაუბრა.
ცნობისთვის, ტყიბულში ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა სწორედ მაღაროში მუშაობს და მათი შემოსავლის მთავარი წყარო ესაა.
"მე ახლახანს შევხვდი მეშახტეებს, მინდა მათ საჯაროდ მადლობა გადავუხადო, სოლიდარობა და მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მე მათ ვუთხარი, გადავუწყვიტე ადგილზე საკითხები. ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაც მათი მხრიდან იქნა წამოყენებული არის სწორედ ტურიზმის განვითარება. ცხრაჯვარის პროექტი, აქტიურად ვმუშაობთ და აუცილებლად გაკეთდება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სხვა ადგილებსაც შეისწავლიან და ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრებს გააკეთებენ.
ცნობისთვის, ტყიბულში მეშახტეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების ზრდის მოთხოვნით არაერთხელ გაიფიცნენ. გაფიცულთა შორის რამდენიმე მუშამ უკიდურეს ზომებსაც მიმართა, ერთმა მათგანმა დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა, ნაწილი პროტესტის ნიშნად არ ტოვებდა შახტას.