პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის წინამორბედს, პარტიის "საქართველოსთვის" დამფუძნებელ გიორგი გახარიას დაემუქრა.
ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს გახარიას იმ განცხადებაზე ჰკითხეს, სადაც "საქართველოსთვის" ლიდერმა "ოცნებას" არჩევნების შემდეგ დაშლა უწინასწარმეტყველა.
"თქვენ ნახავთ, გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ. შევახსენებ, რომ მე მას სახელი უკვე დავარქვი, ყველამ, მათ შორის პარტიის დამფუძნებელმა და ყველა მოქალაქემ იცის კარგად რა ჩაიდინა მან", - თქვა პრემიერმა.
კითხვას - "ბოლი" დაარქვეს თუ "მაზაკვალი", ღარიბაშვილმა ასე უპასუხა: "უფრო მეტიც, უფრო მძიმე. აღარ მინდა გავიმეორო, ღალატია, რაც ჩაიდინა მან".
პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას გახარიას თანამდებობებზე ყოფნის დროს ჩატარებული სპეცოპერაციებიც გაიხსენა და მის გადაწყვეტილებებს "უგუნური" უწოდა.