
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილსში, რუსთავში, ბათუმში, ლაგოდეხსა და მარნეულში ნარკოდანაშაულისთვის 21 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია.
მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში, უკანონო გასაღებასა და ჯგუფურად ჩადენილ უკანონო გასაღების მცდელობაში ედებათ.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციის მიერ დაკავებული 3 პირი სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უკანონო რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ და ასაღებდნენ", - აცხადებენ შსს-ში.
სამართალდამცველებმა, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 8 ლიტრამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა.
ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.