პარლამენტის მხრიდან 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტის მიღებას, სამოქალაქო აქტივისტები და 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულები გამოეხმაურნენ. აქტივისტები კანონპროექტს ცინიკურს უწოდებენ და ამბობენ, რომ საქმეზე არც რეალური გამოძიება ჩატარებულა და არც გადაწყვეტილების მიმღები პირების პასუხისმგებლობა არ დამდგარა.
აქტივისტები ფიქრობენ, რომ 2019 წელს მოსახლეობის პროტესტი სამართლიანი იყო და ახლა ხელისუფლება პრეცედენტს ქმნის, რომ ანტისაოკუპაციო აქციის დასჯა მომავალშიც შეძლოს. 20 ივნისს დაზარალებული ბესიკ თამლიანი კი ამბობს, რომ ხელისუფლებამ კანონპროექტი თავის თავზე მოირგო. მისი თქმით, იმისთვის, რომ იგივე არ გამეორდეს, კანონპროექტი უნდა გაუქმდეს.
"ამათმა ეს ამნისტია პირდაპირ თავის თავზე მოირგეს. პირდაპირ საქმე გვაქვს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან, ხო იციან, რომ მუდმივი არავინაა, მით უმეტეს ხელისუფლებაში. ეს კანონი უნდა განულდეს. გამოდის, დღეს ამან გააკეთა, ხვალ სხვა მოვა მთავრობაში, სხვა იგივეს გააკეთებს, ერთ წრეზე ვივლით მთელი ცხოვრება",- ამბობს ბესიკ თამლიანი.
საქართველოს პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამნისტიის აქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელთაც დანაშაული 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა და ამნისტიის გავრცელებაზე უარი არ განუცხადებიათ. პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.