"რომელიღაც კანდიდატზე (ჩემი ვარაუდით გიორგი გახარიაზე) აქვთ კომპრომატი" - წერს იურისტი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში და თბილისის მერის, კახი კალაძის ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მან მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდა.
"2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კახი კალაძემ ნარკოლოგიურში შარდი რომ ჩააბარა ხომ გახსოვთ?
ცხადია არა, რადგან არ ჩაუბარებია. მაშინ, რატომ ჩააბარა ახლა?
დიახ, სწორია. რომელიღაც კანდიდატზე (ჩემი ვარაუდით გიორგი გახარიაზე) აქვთ კომპრომატი, რომ ის ან ნარკოტიკს მოიხმარს, ან ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული და სავარაუდოდ კენჭისყრის დღემდე რამდენიმე დღით ადრე გამოამზეურებს უკრაინული ვიკილიქსი.
როცა ფილმში ხშირად ჩანს კედელზე ჩამოკიდებული დამბაჩა, მისით აუცილებლად გაისვრიან",- წერს მშვენიერაძე "Facebook-ზე"
ცნობისთვის, თავად კახი კალაძემ ტესტი 6 სექტემბერს ჩაიტარა და თქვა -"სუფთა ვარ ყველანაირად" .
კალაძის ამ მოწოდებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც შეუერთდა - მან "რუსთავი2-ის" ეთერში თქვა, რომ ყველა კანდიდატმა უნდა ჩააბაროს ნარკოტესტი და აღნიშნავს, რომ ეს უნდა გააკეთონ "დაუყოვნებლივ". კობახიძემ ხაზგასმით ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ახსენა და თქვა, რომ ტესტის დაყოვნება, აჩენს კითხვებს დადებითი პასუხისგან თავის არიდებაზე.