
"ქართული ოცნების" დეპუტატი, სოზარ სუბარი გენპროკურორის წესის არჩევის ცვლილების ჩაგდებაზე, საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ "გატეხილი პირობა არ არსებობს, რადგან დოკუმენტი ანულირებულია".
სუბარის თქმით, ცვლილების ჩაგდებით მმართველმა გუნდმა შესაძლებლობა გამოიყენა, რომ "მახინჯი სისტემა დაენგრიათ".
"არანაირი გატეხილი პირობა არ არსებობს, როცა დოკუმენტის ანულირება მოხდა. გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ მახინჯი სისტემა არ დაგვენერგა. ეს ინფორმაცია მათ აქვთ, მიუხედავად ამისა, რატომ აკეთებენ ამ განცხადებებს, ეს მათ უნდა ჰკითხოთ.
კარგი იქნება, დავსხდეთ ერთ მაგიდასთან და განვიხილოთ, რომელ ქვეყანაშია მსგავსი და რითია უკეთესი ის სისტემა. თუ აღმოვაჩენთ, რომ 6-თვიანი პროკურორი უკეთესია 6-წლიან პროკურორზე, მზად ვართ ავირჩიოთ ყველა ეს",- თქვა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, გუშინ 7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, პირველი მოსმენით, მიიღო. განსახილველ საკითხებს შორის უნდა ყოფილიყო გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაც, თუმცა მმართველი გუნდის ინიციატივით, საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
ცვლილება შარლ მიშელის დოკუმენტში იყო ასახული, მის ჩაგდებას საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები გამოეხმაურნენ. შეერთებული შტატების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გენპროკურორის არჩევის წესის ცვლილების ჩაგდება "მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილი პირობა", ევროკავშირის ელჩმა კი თქვა, რომ ცვლილებაზე უარი, "ამ ორი თვის განმავლობაში, მესამე წარუმატებლობაა".