
"ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ნებისმიერ მსგავს დანაშაულს "უმკაცრესი რეაგირება" მოჰყვება.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაც გაიხსენა. ღუდუშაური ირწმუნება, რომ "ბადრი ესებუაც დაკავებული იქნება".
"ძალიან ცუდია, რომ თქვენი ტელევიზია და ის ტელევიზიები, რომლებიც პირდაპირ "ნაცმოძრაობას" და იმ პოლიტიკურ ძალას უკავშირდებით, ცდილობთ, რომ როგორმე ეს დაუკავშიროთ ხელისუფლებას და კონკრეტულად "ქართულ ოცნებას". მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს 2 ოქტომბერს. როგორც ჩანს თქვენი ტელევიზია, ნაცმოძრაობა, მიხეილ სააკაშვილი და დანი და ძმანნი მისნი, ვერ ეგუებით ამ წაგებას და აქედან გამომდინარეა ეს ისტერია.
ნებისმიერ ასეთ მოქმედებაზე, ნებისმიერ ასეთ დანაშაულზე იქნება უმკაცრესი პასუხი, როგორც აქამდე. ყველაფერს ცდილობთ, რომ ნებისმიერი ნეგატივი "ქართულ ოცნებას" მიაწებოთ, რაც არ გამოგივათ! ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით ვართ შეურიგებელები და ნებისმიერ ასეთ მოქმედებას გაეცემა მკაცრი, ადეკვატური, კანონისმიერი პასუხი. ბადრი ესებუაც იქნება დაკავებული, გარწმუნებთ!", - თქვა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, დღეს, 9 სექტემბერს, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე შეიარაღებული პირი შეიჭრა, მას 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე ყველა მძევალი თავისუფალია.