
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის, რაფაელ მურსაკულოვის პროცესი გაიმართება.
სხდომა 16:30 საათზე ჩაინიშნა.
პროცესზე სასამართლო მურსაკულოვისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
როგორც ცნობილია, პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატი მურსაკულოვის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ასევე, დააყენებს შუამდგომლობას, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
შანაი ბრუკ ედვარდსი თბილისში, 31 ივლისს მოკლული იპოვეს. 40-დღიანი ძებნის შემდეგ, შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე, რაფაელ მურსაკულოვი დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული შანაი ბრუკს ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით დაესხა თავს, ხოლო მას შემდეგ, რაც მსხვერპლმა წინააღმდეგობა გაუწია, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა.