
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია მზადაა, კრიტიკული არხების მიერ შეთავაზებულ პოლიტიკურ დებატებში მიიღოს მონაწილეობა.
როგორც პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, დებატები დასავლური დემოკრატიებისთვის პოლიტიკური პროცესის განუყოფელი ნაწილია.
"განსაკუთრებით, როცა წინასაარჩევნო პერიოდია, ეს არის მიღებული ფორმა და სტანდარტი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს დებატებში“, - თქვა ანა ბუჩუკურმა.
დებატებში მონაწილეობაზე თანახმაა ასევე თბილისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ნიკა მელია.
რაც შეეხება მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს, კახა კალაძემ დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ის დამოუკიდებელ ტელევიზიებს მის მიმართ მიზანმიმართულ, ბინძურ კამპანიაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს კამპანია მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგაც ხორციელდება.
კალაძეს საკუთარი პირობა აქვს დებატებში მონაწილეობის მისაღებად. ის ნეიტრალურ სივრცეს ითხოვს და ასეთად საზოგადოებრივ მაუწყებელს ასახელებს.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას, კახა კალაძეს და გიორგი გახარიას 4 დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელევიზია პირდაპირ ეთერში დებატებს სთავაზობს.