ოკუპაციის ახალი კერა შიდა ქართლში - სოფელ ტახტისძირში ჰექტრობით მიწის ფართობები მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდა.
მას შემდეგ რაც ბორდერიზაციის ახალი ტალღის შესახებ ინფორმაცია "მთავარმა არხმა" გაავრცელა, ფაქტი სუს-შიც დაადასტურეს. თუმცა ლილუაშვილის უწყება შეეცადა, რომ მოვლენების სხვა განვითარება შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის.
კერძოდ, სუს-ში ამტკიცებენ, რომ ტახტისძირთან უკანონო ბორდერიზაცია არ განახლებულა და საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართები მიმდინარე წლის თებერვალში გაავლეს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობაში "ძალა ერთობაშია" ამბობენ, რომ მას აქვს ფოტო და ვიდეომტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მიმდინარე წლის აპრილშიც კი, იქ მავთულხლართები არ იყო.
სოფელში, სადაც ადგილობრივები საძოვრების და სახნავ-სათესი მიწების გარეშე დარჩნენ, მოსახლეობა შეშინებულია.