
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ სუს-ის საიდუმლო მასალებზე საუბრისას კვლავ "ნაციონალურ მოძრაობას" და "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას დაესხა თავს.
ღარიბაშვილმა გვარამიას ისევ "გარყვნილების პროპაგანდისტი" უწოდა და თქვა, რომ გავრცელებული ფაილები კრიტიკული მედიის მიერ არის "ფალსიფიცირებული".
"რა ქვია იმ საქციელს, თუ არა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს დაიწყეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისინი არ იყვნენ მოსული ხელისუფლებაში. კარგად გახსოვთ მათ მიერ თანმიმდევრული მუშაობა ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ, როგორ ებრძოდნენ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეკლესიის ნგრევით დაიწყეს მმართველობა და შემდეგ გააგრძელეს შანტაჟი და ტერორი ჩვენი სასულიერო პირების. ეს ყველამ კარგად იცის ამ ქვეყანაში. ახლაც, რაც მანამდე ვნახეთ, პატრიარქის წინააღმდეგ ის ბინძური, ცილისმწამებლური კამპანია, რა თქმა უნდა, მომდინარეობდა სააკშვილისგან და მისი ტელევიზიებისგან.
გუშინ მოვისმინეთ ერთერთი მთავარი გარყვნილების პროპაგანდისტის, გვარამიას გამოსვლა, რომ თურმე როგორ წუხს... დაიცავს "ეთიკას", ნორმებს და თურმე არ გამოქვეყნებს ბოლომდე იმ გაყალბებულ, მათ მიერ ფალსიფიცირებულ ჩანაწერებს და რაღაც შეთითხნილ, შეთხზულ ცნობებს. ეს არის მათი ფარისევლური, მტრული სახე, რომელიც ყველამ ნახა უკვე ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის მტრობა სახელმწიფოს წინააღმდეგ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.
ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ "მთავარი არხი" სასულიერო პირების კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს არ გამოაქვეყნებს.
ამასთან, პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა, "მთავარმა არხმა" გუშინვე დაადგინა. ფაქტები ადასტურებს, რომ სუს-ის გასაიდუმლოებული კრებსების გავრცელების მიღმა, დიდი ალბათობით ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძე დგას. ადამიანმა, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.