"ქართული ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვას ისევ რამდენიმე კილოგრამი კარტოფილით, ხახვითა და ორცხობილებით ცდილობს.
ზესტაფონის რაიონში, მმართველმა გუნდმა მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგება უკვე დაიწყო. სატელეფონო საუბარში მოსახლეობის ნაწილი ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო საჩუქარი უკვე მიღებულია და ზუსტად იციან, ვინ უნდა შემოხაზონ არჩევნებზე.
კადრები, რომელშიც ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვის კადრები ჩანს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა.
"დედაჩემი იყო გუშინ მისული, მე არ მეცალა და დედაჩემმა აიღო ნამდვილად ვიცი და სახლშიც მოიტანა. მერე თუ რამე იქნება, აი ვმუშაობთ და გვეკუთვნის. არჩევნებზე ვიცით, 41 აუცილებლად, ნუ გეშინიათ", - ამბობს მოქალაქე, რომელმაც პროდუქტები საჩუქრად მიიღო.
კიდევ ერთი მოქალაქე იმ პროდუქტებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი გუნდისგან საჩუქრად მიიღო "მე კვირას სამსახურში დამირეკეს. შაქარი, პეჩენია, ტუშონკა არის".
"ქართული ოცნების" ლიდერი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ მან ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით არაფერი იცის.
"არ მაქვს ინფორმაცია თუ ასეთი რამე ხდება, ძალიან ცუდია და ამას უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება", - ამბობს კახა კალაძე.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გარდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტისა, წალკის მერიამ მოქალაქეებს 50 ლარი უკვე დაურიგა.
ამავე თემაზე:
მერია მოქალაქეებს პროდუქტებს ურიგებს | ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვა ზესტაფონში