პოლიტიკური პარტია "ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდი არჩევნებამდე კონკრეტული პირების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გაავრცელებს.
ჭიჭინაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირებზე საუბრობს და ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა "ისეთი სისულელე ჩაიდინოს, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს".
"ის, რომ დღეს ეკლესიის დისკრედიტაცია მოხდა ქართული ოცნების პირობებში, ამას წყალი არ გაუვა. ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩვენი ეკლესია არასდროს ყოფილა, ასეთი დიდი შეტევის პირობებში ჩვენი ეკლესია არასოდეს არ ყოფილა. ტყუილად ცდილობენ, რომ ვიღაცას გადააბრალონ ეს ამბავი....მე ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე მიახლოებისას, თვითონვე ამ ბრძოლაში ჩაბმულები, ისეთ სისულელეს ჩაიდენენ, რომ ეს ქვეყანა შეიძლება დააყენონ სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე.
ილია II-ზე, თუ გულისხმობთ. მე ნამდვილად ვიცი, რომ პირველი არის ილია მეორე, აბა ბიძინა ივანიშვილზე ისინი ვერ გაბედავენ და ენას ვერ მოატრიალებენ", - თქვა დავით ჭიჭინაძე.
13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.
სავარაუდო პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა, "მთავარმა არხმა" დაადგინა.
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება კი მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე დააანონსა.