მდინარაძე "მთავარ არხს" შოუს მოწყობაში ადანაშაულებს და კადრებს აქვეყნებს, სადაც ოპერატორის "თავისით დაგორება" არ ჩანს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ქარელში, ოპერატორ ლევან აბლოთიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი გამართა და "მთავარი არხი" შოუს მოწყობაში დაადანაშაულა. 

ბრიფინგზე მდინარაძემ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომლითაც ამტკიცებს, რომ სიმაღლიდან ვარდნის შემდეგ, ლევან აბლოთიას გონება არ დაუკარგავს. 

დაპირების მიუხედავად, "ოცნებამ" ვერ გაასაჯაროვა კადრები, სადაც ოპერატორის, "თავისით დაგორება" ჩანს. 

"ვაგრძელებთ "ნაცმოძრაობის" და მისი ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერის, ნიკა გვარამიას ამორალური ტყუილის მხილებას. შეგვიძლია ვთქვა, რომ ნიკა გვარამიას და მისი ტელევიზიის მიერ მოწყობილი შოუ მთლიანად შეიცავდა როგორც დეზინფორმაციას, ასევე ზიზღის ენას, მანიპულაციას... კადრში ჩანს, რომ ოპერატორი გადაადგილდება კამერასთან ერთად, შემდეგ ჯდება და არანაირ უგონო მდგომარეობასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, იმისთვის რომ მოხდეს მანიპულაცია, მოატყუოს გვარამიამ საზოგადოებას, თითქოს ოპერატორი იყო უგონოდ", - თქვა მდინარაძემ.

ჟურნალისტების კითხვას - რით ამტკიცებს, რომ კადრები ნამდვილად ოპერატორის გადმოვარდნის შემდეგ არის გადაღებული, მდინარაძემ უპასუხა, რომ "ამაზე პირადად იღებს პასუხისმგებლობას".

რაც შეეხება უშუალოდ ოპერატორის ვარდნის მომენტს, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფაქტის ამსახველი კადრები "მთავარ არხს" აქვს, თუმცა "მალავს".

"რაც შეეხება კადრებს, მოვუწოდებთ "მთავარ არხს", რომ წარმოედგინა ის კადრები, რაც მათ ჰქონდათ და დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ კადრები არსებობს, რადგან კამერა იღებდა იმ მომენტშიც, რა დროსაც მოაჯირს წამოედო ოპერატორი. წარმოუდგენელია, რომ ერთი წუთით ადრე მასალა, რომელიც უკვე გაავრცელეს არსებობდეს და გადავარდნის შემდეგ ისე დაზიანდეს, რომ წუთით ადრე მოიჭრას და დანარჩენი დაზიანდეს. ასეთი დაზიანება ე.წ. ჩიპის წარმოუდგენელია, საქმე გვაქვს იმასთან, რომ საზოგადოების მოტყუების მიზნით, დაიმალა კონკრეტული კადრები", - თქვა მდინარაძემ.

მანვე პარტიის მხარდამჭერებს მოუწოდა, "არჩევნებამდე ყველას მოუთმინონ" და პროვოკაციებს არ წამოეგონ.

"ვთხოვთ აქტივისტებს და პარტიის წარმომადგენლებს და მოვუწოდებ, არ წამოეგონ არანაირ პროვოკაციას. მაქსიმალურად განსაკუთრებთ არჩევნებამდე ჩვენ უნდა მოვუთმინოთ ყველას ყველაფერი", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს "ქართული ოცნების" შტაბში ქარელში გუშინ, 16 სექტემბერს თავს დაესხნენ. "მთავარი არხის" ოპერატორი შენობის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ოპერატორს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს ის კლინიკიდან დღეს, 16 სექტემბერს გაწერეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი