
"შკოდა დაბურული შუშებით არის მათი სიმბოლო, იქიდან "გვებლატავებიან" და აქვთ ხოლმე დიდი გული. მათი შენობის წინ, რომ ვამტვრევდით გულზე მოხვდათ და არ ესიამოვნათ", - ასეთ კომენტარს აკეთებს თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი "გირჩი - მეტი თავისუფლებიდან" ცოტნე კობერიძე, სუს-თან დაკავებების სერიაზე საუბრისას.
როგორც ცოტნე კობერიძე განმარტავს, სამართალდამცველებსა და პარტიის წევრებს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო მაშინ, როდესაც ის მანქანის სახურავზე "გირჩი - მეტი თავისუფლების" საარჩევნო ნომერს აწერდა.
"ფეხზე მექაჩებოდა ჩამოდიო, გავხედე რატომ, ჩვენი მანქანაა და ზედ მინდა ყოფნა-მეთქი. ჩემდამი აგრესიას არ გამოხატავდნენ, როგორც მერე გავიგე, სამართალდამცველებს ბავშვი ვეგონე, რამდენჯერმე ასაკსაც ჩამეკითხნენ. ამ ქაჩვის დროს, გამომესარჩლნენ ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა, რომლებიც დააკავეს", - ამბობს ცოტნე კობერიძე.
როგორც ის ამბობს, ამ პერფორმანსით, დაგროვილი ბრაზის გამოხატვა სცადეს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა სუს-თან პერფორმანსი "ასე დაიფშვნება სუსი" გამართეს.
სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება სამართალდამცველებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის, რა დროსაც დააკავეს, პარტიის წევრები და მაჟორიტარობის კანდიდატები ნიკა მოსიაშვილი და ბორის ჩელე ყურუა.