თეა წულუკიანის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნას ოპოზიცია ეხმაურება და მიიჩნევს, რომ იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრის ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს ხელმძღვანელად დანიშვნას საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა მოჰყვება.
ოპოზიცია და უმრავლესობიდან წასული დეპუტატები ამბობენ, რომ ივანიშვილს თეა წულუკიანის წინაშე ერთგვარი ვალდებულება აქვს, რადგან ეს უკანასკნელი 2012 წლიდან დღემდე უცვლელად იყო იუსტიციის მინისტრი.
წულუკიანი, თქვენ ხედავთ, რომ უცვლელი მინისტრია, ანუ გარკვეული ვალდებულებები ივანიშვილს და წულუკიანს შორის არსებობს და ყველაზე კარგი, გარანტირებული დაბინავება მომდევნო 10 წლით საკონსტიტუციოს თავმჯდომარეობა იქნება, თავისი იმუნიტეტით და თავისი საკონსტიტუციო უფლებებით, - ამბობს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დავით ჭიჭინაძე.
ოპოზიციის მტკიცებით, ეს არის საქართველოს მთავრობის ერთგვარი პასუხი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ვინაიდან ამ უკანასკნელთ ქვეყნისთვის წარდგენილ მთავარ მოთხოვნად სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა ჰქონდათ.
სირცხვილად შევა ქვეყნის ისტორიაში, ივანიშვილთან ერთად ისიც, რომ წულუკიანს რაღაც ეკითხებოდა და განაგებდა ქვეყნის იუსტიციას, - ამბობს ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესის გამჭვირვალეობის მოლოდინი არ არსებობს.
არც ერთი მოსამართლის არჩევა გამჭვირვალე არ ყოფილა და ყოველთვის იყო პოლიტიკური ნიშნით შერჩევა, აქედან გამომდინარე, მე არ ველოდები, რომ რომელიმე მნიშვნელოვანი დანიშვნა იქნება ობიექტური კრიტერიუმით, კომპეტენციით და რეპუტაციიდან გამომდინარე, - აცხადებს ლელოს გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სასამართლოს რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ პასუხისმგებლობას აკისრებს თეა წულუკიანს, რომელიც ამ რეფორმის ერთ-ერთი ავტორია.
სწორედ თეა წულუკიანზე, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, რაც მოხდა სასამართლო ხელოსუფლებაში ჩვენთან და არის პასუხისმგებლობა, რომ ცივილიზებული მსოფლიო და პარტნიორები გვაკრიტიკებენ ჩვენ, ქართველ ხალხს, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს გამო, - განაცხადა მოძრაობა ხალხისთვის ლიდერმა ანა დოლიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი "მთავარი არხის" კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.