თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ - რას გეგმავს ივანიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი, შესაძლოა, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ეწურება. 

ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის არაოფიციალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი ეცდება, ამ თანამდებობაზე მისთვის სანდო კადრი დანიშნოს, რადგან სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოა ის ორგანო, სადაც საარჩევნო დავების არსებობის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან გასაკვირი არ იქნება, რომ თეა წულუკიანის კანდიდატურა ამ თანამდებობაზე განიხილებოდეს. მათი მტკიცებით, ივანიშვილს ძალიან ეშინია, რადგან გადამწყვეტი არჩევნები მოდის და მას სურს სანდო კადრი ჰყავდეს ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ორგანოში.

ხელისუფლებას ბოლომდე აქვს მიტაცებული სახელმწიფო, მისი ყველა ინსტიტუტი, მათ შორის, სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლო იქცა ივანიშვილის მორჩილი პოლიტიკური კადრების პენსიაზე გასაშვებად. ის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, რომელმაც ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები უნდა განსაზღვროს, ივანიშვილმა გახადა მისი მართვის ინსტრუმენტად. არ გამიკვირდება, თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან ჩვენ გვახსოვს მანანა კობახიძის მაგალითი, -  ამბობს საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციის მტკიცებით, თუ ვინმე არ უნდა იყოს საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, ეს არ უნდა იყოს თეა წულუკიანი.  

თუ ვინმეს უნდა კრიტერიუმები, თუ როგორი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზოგადად მოსამართლე, ნებისმიერი დონის, უნდა აიღოთ წულუკიანი და ყველა მისი საპირისპირო თვისება უნდა შეარჩიოთ. წულუკიანი არის ანტიპოდი, როგორი უნდა იყოს მოსამართლე, - ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია. 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ მმართველ პარტიას უნდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ საკუთარი ინტერესების გამტარი ადამიანი ჰყავდეს. ისინი ითხოვენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესი იყოს გამჭვირვალე.

ერთერთი უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილება უკავშირდება არჩევნების, რეფერენდუმის და მსგავსი საკითხების კონსტიტუციურობას. წლის ბოლოსთვის, თეორიულად, საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება ერთერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი იყოს ამ გადაწყვეტილებების მიღებაში, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევა დაწყებულია. ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ და მისმა პლენუმმა უნდა მიიღოს. კანდიდატებმა  საკუთარი კანდიდატურა 5 ივნისამდე უნდა წარადგინონ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი