თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ დედაქალაქში გაკრულ სიძულვილის ბანერებზე რეაგირებას არ მოახდენენ, რადგან ეს "მათ კომპეტენციაში არ შედის".
როგორც მან აღნიშნა, ბანერები სარეკლამო კომპანია "ალმას" ეკუთნის და როგორც გაკვრის, ასევე ჩამოხსნის გადაწყვეტილებას ისინი იღებენ.
"მე პირადად არ მომწონს ეს, მაქვს ჩემი საარჩევნო კამპანია. საზოგადოებას ყოველთვის ვესაუბრები სამომავლო გეგმებზე... რეაგირება არაფერი არ იქნება. ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. არის კომპანია "ალმა", რომლის საკუთრებაა ეს ბანერები და ისინი იღებენ ამ გადაწყვეტილებას. მერიას არც გაკვრაში და არც ჩამოხსნაში არანაირი ვალდებულება და უფლება არ აქვს", - თქვა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა სიძულვილის ენისა და ცილისწამების ტირაჟირებაში კვლავ კრიტიკული მედიები დაადანაშაულა.
"ხომ არ მოგწონთ? ისევე არ მომწონს მე და არ მომწონს ის კამპანია რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს. შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ, საარჩევნო კლიპები რაც არის შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა, ეს ხართ თქვენ და ძალიან სამწუხაროა. "ქართული ოცნება" და კახა კალაძე დგას მოწოდების სიმაღლეზე. ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემ განცხადებას ან ოპონენტის ან ვინმეს წინააღმდეგ სიძულვილის ენა გამომეყენებინა, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს", - აღნიშნა კახა კალაძემ.
არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, თბილისში სიძულვილის ბანერები ისევ გამოჩნდა. ამჯერად ბილბორდებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ხელისუფლებისათვის არასასურველი კრიტიკული მედიის მენეჯერების გარდა, ექსპრემიერი გიორგი გახარიაცაა გამოსახული.