პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ოცნების" ხელვაჩაურის შტაბში პროვოკაციის მოსაწყობად შეიჭრნენ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.

როგორც პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ენმ-ს წარმომადგენლები ჟურნალისტებთან ერთად ხელვაჩაურში, მმართველი პარტიის შტაბში მივიდნენ და ოპოზიციის მერობის კანდიდატის დახეული პლაკატი მიიტანეს, რომელიც მისი ვარაუდით, "თავადვე დააზიანეს". 

შალვა პაპუაშვილი წინასწარ განზრახულ შეტევაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ლოკაცია სპეციალურად შეარჩიეს. ბრიფინგზე მან ქარელში "მთავარი არხის" ოპერატორზე განხორციელებულ ძალადობაზეც ისაუბრა. 

"ქარელში "მთავარი არხის" მიერ მოწყობილი პროვოკაციის კვალდაკვალ ამ შემთხვევაშიც ცდილობდნენ ისეთი ლოკაციის შერჩევას, სადაც არის მეორე სართულიდან ჩასასვლელი კიბეები და საიდანაც ადვილად შეიძლება გადავარდნილიყო ადამიანი. ეს კი იმისთვის სჭირდებათ, რომ შექმნან აპოკალიპტური სურათი, თითქოს, "ოცნების ოფისიდან ხალხს მეორე სართულიდან ყრიან", - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

მისივე თქმით, პარტიის წევრებმა სამართალდამცველებს მიმართეს და გამოძიება უკვე დაიწყო. 

შეგახსენებთ, ქარელში "მთვარი არხის" ოპერატორი "ქართული ოცნების" შტაბის წევრებმა მეორე სართულიდან გამოაგდეს. თავდასხმის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე ბრიფინგი გამართა, სადაც თქვეს, რომ ჟურნალისტი სიმაღლიდან არავის გამდმოუგდია და ის თავად "დაგორდა". ამის დასამტკიცებლად მათ გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც გაავრცელეს, თუმცა მასში ოპერატორის, ლევან აბლოთიას "თავისით დაგორება" არ ჩანს. ამით "ოცნებას" ახალი არაფერი უთქვამს, არც არაფერი დაუმტკიცებია და არც არაფერი გაუბათილებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი