თეა წულუკიანი მოსამართლეობისთვის ემზადება - ის სამეცნიერო ხარისხის სასწრაფო წესით მიღებას ცდილობს

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამეცნიერო ხარისხის მიღებას სასწრაფო წესით ცდილობს - ეს კომპონენტი აუცილებელია, რათა პირი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ და შემდეგ თავმჯდომარედ დაინიშნოს. 

თეა წულუკიანს სამეცნიერო ხარისხის მისაღებად ცოტა დრო აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის მსურველებმა კანდიდატურა 5 ივნისამდე უნდა წარადგინონ. 

იუსტიციის მინისტრი ამჟამად ონლაინ ლექციებს ესწრება და სადოქტორო ნამუშევარზე მუშაობს. იგი დისერტაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტურაზე იცავს. უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა არ იცის, რა თემას ეხება მისი ნაშრომი, თუმცა ადასტურებს, რომ წულუკიანი დისერტაციაზე მუშაობას ასრულებს. 

ჯერჯერობით დასრულებული არ არის, რადგან კომპონენტები შესასრულებელია. დისერტაცია ჯერ არ დასრულებულა, - ამბობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი ლადო მაჭარაშვილი

თეა წულუკიანის განათლების საკითხი მეორედ ხდება პოლიტიკური ინტრიგისა და კრიტიკის თემა. ოპოზიცია ჯერ კიდევ 2012 წელს ამტკიცებდა, რომ იუსტიციის მინისტრს იურიდიული განათლება არ გააჩნია. მან 1997 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის სპეციალობით დაამთავრა. საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში კი მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში დაიცვა. მას ENA-ში მხოლოდ ფრანგული ადმინისტრაციული სამართლის კურსი აქვს გავლილი, რასაც მისივე ფეისბუქის გვერდიდან ვიგებთ. 

თეა წულუკიანს იურისტის დამადასტურებელი დიპლომი ახლა უკვე აუცილებლად სჭირდება, როდესაც მმართველი პარტია მას ჯერ ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეობისთვის, შემდეგ კი თავმჯდომარეობისთვის ამზადებს.  

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თეა წულუკიანის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკის საგნად შეიძლება იქცეს, რადგან სწორედ ის არის პასუხისმგებელი ქვეყნის სასამართლო სისტემის რეფორმის ჩავარდნის გამო. დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის თქმით, ეს იქნება პასუხი პომპეოსთვის, რადგან "რის არიდებასაც ისინი ცდილობენ საქართველოსთვის, იმას აკეთებს ქართული ოცნება". 

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სასამართლო სისტემის რეფორმის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობას პირდაპირ თეა წულუკიანს აკისრებს და ამბობს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის გაძლიერება სწორედ იუსტიციის მინისტრის ხელშეწყობით მოხდა. 

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებისგან საკონსტიტუციო სასამართლოს დანიშვნის პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარებას მოითხოვს. 

ისინი შეიძლება თვლიდნენ, რომ იქ თავმჯდომარე უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ეჭირება ხელში, - ამბობს საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე. 

მმართველი პარტია გავრცელებულ ინფორმაციას თეა წულუკიანის საკონსტუტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ, ჯერჯერობით, არ ადასტურებს.

თუ დაინიშნება, ჯერ არის მკითხაობის თემა, რომელსაც საფუძველი არანაირი ჯერ არ აქვს, თუ იქნა, გადაწყვეტილება ამ თანამდებობაზე დანიშვნის, მე შემიძლია დაგარწმუნოთ, თეა წულუკიანი იქნება, თუ ვინ იქნება, საკონსტიტუციო სასამართლო იქნება თავის სტანდარტებზე, - აცხადებს გია ვოლსკი.

თავად თეა წულუკიანი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი