
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დმანისში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრაში ბრალდებულს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
მისი თქმით, თუ დადასტურდება, რომ ასეთი ადამიანის მიმართ მიზანმიმართულად განხორციელდა პროვოკაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა დამძიმდება.
"იმ ადამიანს, რომელიც ეჭვმიტანილია ამ კონკრეტულ ქმედებაში, აქვს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორც ჩვენ ვიცით. თუ ეს გამოიკვეთა და თუ ასეთი ადამიანის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს ცოტა ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობას. ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება იმ პირს, ვინც ეს ჩაიდინა, ზომები არის კიდეც მიღებული - პირი არის დაკავებული. დანარჩენს დაადგენს გამოძიება“,- ამბობს კობახიძე
შეგახსენებთ, მწვავე დაპირისპირება დმანისში გუშინ მოხდა. დაკავებულია "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი - 1993 წელს დაბადებული დავით დაუთაშვილი. გამოძიების ინფორმაციით, მან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები დაჭრა.