
ევროკავშირის ოფისთან მომხდარის შემდეგ, ნიკა მელიამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეციალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ "ქართული ოცნება" რაც უფრო უახლოვდება არჩევნებს, მით უფრო "ისტერიული ხდება".
მელიას თქმით, მმართველ გუნდს შიში მარცხისგან ვერ იხსნის და ის, როგორც რეჟიმი უკვე დამარცხებულია.
"კედელთან მიმწყვდეული ქართული ოცნება, რაც უფრო უახლოვდება არჩევნების დღეს, მით უფრო ისტერიული ხდება, მაგრამ მათთვის ამაოდ, შიში ვერ იხსნის მათ პოლიტიკური მარცხისგან. ქართული ოცნება, როგორც რეჟიმი უკვე დამარცხებულია, ქართული ოცნება, როგორც მოძალადე ერთობა უკვე დამარცხებულია. დიახ, თითოეული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ მოქნეული ხანჯალი, დანა, ნაჯახი და ა.შ და ასე მიყენებული ჭრილობა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, ჩემი ჭრილობაა",-თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რასაც ადგილზე ოცნების პარტაქტივის მობილიზაცია მოჰყვა. არსებობდა დაპირისპირების სერიოზული საფრთხე, თუმცა, "ოცნებიდან" დირექტივის მიღების შემდეგ, პარტაქტივი დაიშალა.