
პოლიტიკური პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია დღეს, 23 სექტემბერს ევროკავშირის ოფისთან მომხდარს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არამხოლოდ ოპოზიციაზე, არამედ ევროკავშირზე თავდასხმაც იყო.
ხოშტარიას თქმით, ევროკავშირის ოფისთან "ქართული ოცნების" აქტივისტების მობილიზება განაცხადია, რომ მმართველ გუნდს "უნდა გამოგვტაცოს უმრავლესობის გადაწყვეტილება პროდასავლური განვითარებული საქართველოს შესახებ".
"ამ დარჩენილ დღეებში, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ ოცნებას შეუძლია, უდიდესი დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ დღეს რაც ვნახეთ, ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ოპოზიციაზე, რასაც ჩვენ შეჩვეული ვართ, არამედ ევროკავშირზე. ჩვენ დღეს ვნახეთ საათნახევრის განმავლობაში ევროკავშირის საელჩოს ოფისის ბლოკირება, რაც ყველა იმ ანტიდასავლურ ნაბიჯებთან ერთად არის განაცხადი, რომ ქართულ ოცნებას უნდა, რომ გამოგვტაცოს უმრავლესობის გადაწყვეტილება პროდასავლური განვითარებული საქართველოს შესახებ.
ჩვენ გამოვგლეჯთ ქართულ ოცნებას, ჩვენს სურვილს, რომ ვიყოთ დასავლური სამყაროს ნაწილი, რომ ჩვენს დიპლომატებს არათუ ვუსმენდეთ, არამედ ვიყოთ გვერდში და ვიცავდეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2 ოქტომბერს ეს ზუსტად ასე იქნება",-თქვა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რასაც ადგილზე ოცნების პარტაქტივის მობილიზაცია მოჰყვა. არსებობდა დაპირისპირების სერიოზული საფრთხე, თუმცა, "ოცნებიდან" დირექტივის მიღების შემდეგ, პარტაქტივი დაიშალა.