ლაშქარავას საქმე და მადლობა გომელაურს - კობახიძეს სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა არ მოსწონს

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნას, რომელმაც „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეაფასა, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

"ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ შსს კანონის შესაბამისად მოქმედებს და ასეთ დროს  მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებისთვის.

კობახიძემ გომელაურს დღეს "დროული მოქმედებებისთვის" მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დასკვნა, შსს მოქმედებს კანონის დაცვით, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებისთვის და ეს ძალიან დროულად გააკეთა შსს-მ, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ვახტანგ გომელაურს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა და 2 ათასი ლარით დაჯარიმდა. 500 ლარით დაჯარიმდა სამედიცინო დაწესებულებაც, საიდანაც შსს-მ კადრები ამოიღო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 5 ივლისს სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად აფასებს. უწყების განმარტებით შსს-ს მიერ გავრცელებული ვერც ერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი