"კალაძეების, ივანიშვილის ოჯახი ამ სახელმწიფოს უყურებს, როგორც საკუთარ თარეშის სივრცეს" - ხოშტარია კლანურ რეპრესიებზე

გამოქვეყნდა:

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ივანიშვილი-კალაძის კლანური რეპრესიების შესახებ "მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც გუშინ საზოგადოებამ შეიტყო, შემზარავია. 

მისი თქმით, ​მოდებაძეებისა და ორდენიძეების ოჯახების გარდა, რომელთა შესახებაც სიუჟეტში იყო საუბარი, ქვეყანაში უამრავი სისტემისგან განადგურებული ადამიანია, თუმცა შიშის გამო, ისინი ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ.

"ჩვენ ვნახეთ მორიგი შემთხვევა სისტემისგან სასტიკად გაჭყლეტილი და განადგურებული ოჯახის. სამწუხაროა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არ არის ერთადერთი ოჯახი და ბევრი ადამიანი ამ ტრაგედიებს უბრალოდ მალავს შიშის გამო. ასეთია დღეს ჩვენი სახელმწიფო. ამ საქმეში ჩვენ ვნახეთ დაწყებული პოლიციიდან, ფინანსური პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო, პროკურატურა, მთელი სახელმწიფო სისტემა. ვხედავთ სასამართლოს არარსებობას, რომელიც დღეს საქართველოში არცერთი მოქალაქის იმედი არ არის. არ არსებობს არც შემოსავალი, არც ეკონომიკა, არც მშვიდობა, არც უსაფრთხოება ასეთი ტიპის სახელმწიფოში", - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ, ქვეყანაში რეპრესიები და ადამიანების ჩაგვრა უნდა დასრულდეს.

"მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, თუ როგორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ 2 ოქტომბერს. ჩვენ ვხედავთ, რომ დაწყებული კალაძეების ოჯახიდან, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ამ სახელმწიფოს უყურებს როგორც საკუთარ თარეშიც სივრცეს, სადაც თანამდებობის პირების ნათესავებს შეუძლიათ დაალაგონ, მოაგვარონ, ფული აიღონ, კორუფციაში ჩაფლონ ქვეყანა, დაჩაგრონ, ღირსეული გაუთელონ და ამის შედეგად დაიღუპონ ადამიანები. 

2 ოქტომბერი არის სწორედ არჩევანი, რომ დაიხუროს ეს სასტიკი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მინდა საგანგებოდ მივმართო ყველას, რომ თუ ჩვენ 2 ოქტომბრის შემდეგ არ ავაშენეთ სახელმწიფო, სადაც ადამიანის ღირსება, მისი უფლებები, მისი პროფესიონალიზმი არ იქნება ღერძი და მთავარი ჩვენი ამოცანების, ნოლია ფასი ყველა პარტიის და ყველა პოლიტიკოსის. ამიტომ, მართლაც დადგა დრო 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის თავზე, რომ ჩვენ, ყველა პოლიტიკოსმა დავდოთ პირობა, რომ არავის აღარ გაუვა ადამიანის ასე გათელვა", - აღნიშნა ხოშტარიამ.

​"ქართული ოცნების" ლიდერების პირად ინტერესებს შეწირული ცნობილი ექიმისა და თაღლითური სქემის შესახებ, რომლის მთავარი ფიგურანტი დედაქალაქის მოქმედი მერის მამაა, ნიკა გვარამიას "მთავარი აქცენტებიდან" გახდა ცნობილი.

ორდენიძეების ოჯახი ამტკიცებს რომ კარლო კალაძემ და მისი გარემოცვის წევრებმა მათი პრობლემით ისარგებლეს და ათეულობით ათასი დოლარი მიითვისეს. დაზარალებულების მტკიცებით ფულის გამოძალვაში ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილიც მონაწილეობდა.

დეტალურად:

როგორ გაანადგურა ორდენიძეების ოჯახი კალაძეების კლანმა | ოჯახის სკანდალური ინტერვიუ მთავარ აქცენტებში [სრული ვერსია]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი