
"ქართული ოცნება" ბოლო დროს მომხდარ ინციდენტებსა და დაპირისპირებაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს - ამის შესახებ პარტიის წევრი ირაკლი ჩიქოვანი სპეციალურ ბრიფინგზე საუბრობს.
მისი მტკიცებით, ენმ ცდილობს, გააუარესოს "უპრეცენდენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო" და ამის მაგალითად ქარელში "მთავარი არხის" ოპერატორზე თავდასხმა მოჰყავს.
"უკვე რამდენიმე დღეა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონში ახორციელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რათა ხელოვნურად გააუარესონ უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო. ამის პირველი მაგალითი გახლდათ მაშინ, როდესაც „მთავარი არხის“ წარმომადგენელი შეიჭრა „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბში და ჩვენი მერობის კანდიდატს უხეში შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტს მოყვა პროვოკაციები ბათუმში, ხელვაჩაურში და მათ შორის, არასრულწლოვანი ბავშვის გამოყენებითაც, რაც მიანიშნებს „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებზე და ნათლად მეტყველებს თუ რა მიზნები აქვთ მათ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ აქტივისტს, ვინც მოთმინებას იჩენს, არ ჰყვება პროვოკაციას",- თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიის "დესტრუქციული ქმედებების" გაგრძელება იყო ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი დაპირისპირებაც. ჩიქოვანმა კასპში, უწყლოდ დარჩენილი მოქალაქეების "ოცნების" წევრებთან დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობას“ გადააბრალა და "მორიგი პროვოკაცია" უწოდა.
"გუშინწინ დესტრუქციული ქმედებების ეს ჯაჭვი გააგრძელა „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, რომელმაც პროვოკაცია ევროკავშირის ოფისის წინ მოაწყო. სამწუხაროდ, ამ პროვოკაციას არ მოჰყვა სათანადო შეფასება, რაც შესაძლებელია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „მწავნე შუქად“ იქნეს შეფასებული.
"ჩვენი ვარაუდი გამართლდა და დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო მორიგი პროვოკაცია კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად მივიდა „ქართული ოცნების“ კასპის პარტიულ შტაბთან და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირებას. არსებობს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განახორციელოს ანოლოგიური ქმედებები „ქართული ოცნების“ აქტივისტების და შტაბის წევრების პროვოცირების მიზნით. მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი თქვას პროვოკაციებზე, საარჩევნო გარემოს ხელოვნური გაუარესების ყოველდღიურ მცდელობაზე", თქვა მან.