"ოცნების" ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ ადამიანები სააკაშვილის მიმართ პროტესტით გამოვიდნენ - ვოლსკი

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, "ქართული ოცნების" ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, აეროპორტში ადამიანები პროტესტით დახვდნენ. 

როგორც მან აღნიშნა, დაბრუნების შესახებ განცხადებებით მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს "აგულიანებს", რომ "დესტაბილიზაცია უზრუნველყონ".

"ქართული ოცნების" ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა, ვფიქრობ მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათი ოჯახის წევრები გამოვიდნენ პროტესტით სააკაშვილის მიმართ. დესტაბილიზაციაა გეგმაში. განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე ჩამოვდივარ ერთი მხრივ არის ლიდერობაზე ხაზგასმა, რომელიც ეჭქვეშ დააყენა მელიამ და მეორე მხრივ არის შეგულიანება, სწორედ იმ მოწოდებაზე, რაც მან არაერთხელ გააკეთა - ხელი გაანძრიონ, ანუ დესტაბილიზაცია უზრუნველყონ", - ამბობს გია ვოლსკი.

ცნობისთვის, დღეს, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება, მას აეროპორტში "ასიათასობით გაბრაზებული და გამწარებული ადამიანი დახვდება".

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს Facebook-ზე მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ საქართველოში ბრუნდება. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი