
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სანდო წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ივანიშვილის გუნდმა პროკურატურას სპეციალური დავალება მისცა - მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი ნიადაგი მოამზადონ.
მიზეზი კი მელიას თქმით ისაა, რომ სახელისუფლებო პარტია მათგან დისტანცირებულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აღარ ენდობა და არსებობს შიში, რომ შესაძლოა, ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს.
ივანიშვილის პარტიაში მოვლენების განვითარების ყველა სცენარს განიხილავენ - ამბობს დედაქალაქის მერობის კანდიდატი ნიკა მელია.
"ყველაზე სანდო პროკურორებმა ახალი დავალება მიიღეს, რომ ახალი საქმე შეკერონ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რადგან აღარ ენდობიან ქალბატონ ზურაბიშვილს და ვარაუდობენ, რომ შეიძლება, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეიწყალოს ბატონი სააკაშვილი და ყველა ბრალი 2 წუთში მოუხსნას და ამისთვის დაიწყეს ახალი საქმის შეკერვა. ეს ფაქტიც მიუთითებს, რამდენად მძიმე ფსიქოლოგიური, პოლიტიკურ, მორალურ და ზნეობრივ მდგომარეობაში არიან ხელისუფლებაში",- ამბობს ნიკა მელია.
ცნობისთვის, 27 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის ბილეთი აიღო და საქართველოში ბრუნდება.
მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის რეისზე ბილეთი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაპირისპირება და ხალხის მობილიზება დააანონსა.