
ევროპარლამენტის წევრი მარკეტა გრეგოროვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიპლომატების მოსმენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარი საქართველოსა და ევროკვაშირის ურთიერთობებზე გავლენას იქონიებს.
როგორც გრეგოროვამ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, დიპლომატების მიყურადებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნდობა დაირღვა.
"რაც შეეხება დიპლომატების ფარულ მოსმენებს, ამას რა თქმა უნდა, გავლენა ექნება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, რადგან ეს ნდობას ეხება და ამით ნდობა დაირღვა. იმედია, მოკვლევა ჩატარდება", - თქვა მარკეტა გრეგოროვამ.
ფარულ მოსმენებს გაუმართლებელს უწოდებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდიც. ის ამბობს, რომ მსგავს მეთოდებს დემოკრატიულ ქვეყნებში კრიმინალების მიმართ იყენებენ და არა ჟურნალისტების, პოლიტიკოსების ან სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
"დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტის, პოლიტიკოსის, სამოქალაქო საზოგადოების წევრი თუ ოპოზიციის მოსმენებს არანაირი გამართლება არ აქვს. არსებობს გამონაკლისი შემთხვევები სასამართლოს დადგენილებით, მაგრამ ეს ტერორისტებისა და კრიმინალების მიმართ ხორციელდება. ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება. რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ევროკავშირის დიპლომატებს უსმენდნენ და სწორედ ამიტომ დაიბარეს საქართველოს ელჩი ბელგიაში", - თქვა მარინა კალიურანდმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ისინი 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან.
ამავე თემაზე:
"ევროკავშირი საქართველოსგან ამას არ მოელოდა" - ჟოზვიაკი კარლ ჰარცელის მოსმენაზე