სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისსა და რამდენიმე ქალაქში გამოკრულ სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
როგორც აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, უწყებამ გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან10 ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ.
"2021 წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით გარე რეკლამისათვის განკუთვნილ ადგილებში განთავსდა პოლიტიკური შინაარსის ბანერები წარწერით − "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს". აღნიშნულ ბანერებზე განთავსებული მასალა მიმართულია რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად", - ნათქვამია ანგარიშში.
შეგახსენებთ, 17 სექტემბერს, სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისში, სიძულვილის ბანერები ისევ გამოჩნდა. ბილბორდებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ხელისუფლებისათვის არასასურველი კრიტიკული მედიის მენეჯერების გარდა, ექსპრემიერი გიორგი გახარიაცაა გამოსახული. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების შემცირებული მაჩვენებლის ფონზე, დედაქალაქში სიძულვილის პლაკატები ვაქცინაციის მოწოდების ბანერებს გადააკრეს.
მანამდე ამავე შინაარსის სიძულვილის შემცველი ბანერები თბილისში მიმდინარე წლის ივლისში გააკრეს. პლაკატებზე მაშინ "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ეწერა.